вторник, 22 декабря 2009 г.

გოეთეს ფერთა თეორია

ფერების შესახებ მეორე უმნიშვნელოვანესი თეორია უდიდეს გერმანელ მოაზროვნეს იოჰან ვოლფგანგ გოეთეს ეკუთვნის.
1) მოდით, ჩავატაროთ ცდა: ავიღოთ ორი ფერი - ყვითელი და ლურჯი. ერთ ფურცელზე ყვითელი წრე დავხატოთ, მეორეზე კი ლურჯი. ყვითელი მანათობელი, ”შუქისმფრქვეველი”ფერია, ის თითქოს ვერ ეტევა საკუთარ საღვრებში და ცდილობს გამოიფრქვეს, თეთრზე გადმოვიდეს. თუ მზერას დააყოვნებ, ცოტა ხანში შეაამჩნევ, რომ მისი კიდეები, რომლებიც თეთრს ესაზღვრება, თითქოს ღიავდება.
ახლა ლურჯს შევხედოთ. ის, პირიქით, თითქოს საკუთარ გულში “ეძებს” სინათლეს, კიდეებს კი იმუქებს და მკვეთრად საზღვრავს საკუთარ თავს ფურცლებზე.
როგორც დავინახეთ, თითეულ ფერს საკუთარი “ხასიათი” აქვს და მისი ამოცნობა ჩვენი დაკვირვებისა და გააზრების უნარზეა დამოკიდებული.
გოეთეს მიხედვით, ფერები მეტყველებენ, თუ რა თქმა უნდა, ადამიანს შესწევს უნარი მათი “ენა” გაიგოს. გოეთეს თეორია სწორედ ადამიანზე, მის თვალსა და აზროვნებაზე ორიენტირებული ფერთა მეტყველების თეორიაა.
ახლა მეორე ცდა ჩავატაროთ: სიბრტყეზე ფონად დავდოთ ყვითელი, შუაში კი წითელი წრე მოვაქციოთ.
თუ კარგად დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ წითელი აშკარად თრგუნავს ყვითელს, თითქოს “ავიწროებს” მას. ყვითელს წითლის გვერდითი სიკაშკაშე აკლდება და ძალა ეკარგება. ახლა შევუცვალოთ ფერებს ადგილი: წითელი ფონად დავდოთ, ხოლო ყვითელი ცენტრში მოვაქციოთ.
წითელიცა და ყვითელიც ამ შემთხვევაში სრულიად სხვა სახის წარმოგვიდგება. თუ პირველ შემთხვევაში წითელი ყვითელს ”ეგოისტურად” ჩრდილავდა, ახლა პირიქით, იგი თითქოს საკუთარ ძალას გაიღებს, გასცემს და აძლიერებს, სხივოსნობას მატებს ყვითელს.
ალბათ შევნიშნავთ, ჩვენს ფერებს შორის “ურთიერთობის” დახასიათებისას თითქმის ადამიანური კატეგორიები - ეგოიზმი, გაღებისა და მიცემის უნარი-მოვიხმეთ.
სწორედ ამას ეფუძნება გოეთეს ფერთა თეორია, რომლის მიხედვითაც ფერები კონტრასტულად კი არ უპირისპირდებიან ერთმანეთს, როგორც ეს ნიუტონის სპექტრის თეორიაში იყო, არამედ ერთმენეთთან ადამიანებივით “ურთიერთობენ”, უფრო მეტიც ერთმანეთში გადაედებიან და ერთმანეთს ბადებენ.

2)გოეთეს ფერთა სკალა.
გოეთეს ფერთა თეორიაში ათვლის ორი წერტილია: თეთრი და შავი, მაგრამ გოეთე მათ განიხილავს არა როგორც ფერებს, არამედ როგორც აბსოლუტურ სიბნელეს-შავს და აბსოლუტურ სინათლეს-თეთრს, ფერები კი მათ შორის ლაგდებიან. სინათლის მატებისას ისინი შავიდან თეთრისკენ “მოძრაობენ”, კლებისას კი პირიქით-თეთრიდან შავისკენ.
ყველას გვინახავს, როგორ თენდება და არ გაგიჭირდება წარმოვიდგინოთ, როგორ “იბადაბე” შავიდან ლურჯი. გამთენიისას სინათლის მატებასთან ერთად, ცას შუქი ნელ-ნელა “შეეპარება” და ღამის შავი ცა გაღიავებას იწყებს: ჯერ მუქი ლურჯი ხდება, შემდეგ კი ნელ-ნელა ცისფერს იღებს.
ლურჯი ფერი საერთოდ სინათლისკანაა მიდრეკილი, იგი თავის თავში სინათლის “მოძებნას” ლამობს და მასში “შემოიპარება” ის ფერი, რომელიც ყველაზე ახლოსაა სინათლესთან. ესაა ყვითელი. ყვითელი და ლურჯი კი, იძლევა მწვანეს. ასე “იბადება” მწვანე ფერი. ახლა კი მწვანის წიაღში მატულობს სინათლე, მას ყვითელი “ეპარება”, ნელ-ნელა ღიავდება და “ბადებს” ყვითელს, შემდეგ კი ყვითელს ემატება ნელ _ნელა შუქი.
ყვითელი კაშკასისას თითქმის თეთრში გადადის, ამის ნათელი მაგალითია კაშკაშა მზე. თუ მას თვალს გავუსწორებთ, მის გულში თეთრს დავინახავთ. უდაბნოს მზე კი სულაც თეთრია. ასე გაიარა სინათლემ გზა შავიდან თეთრამდე.
ახლა კი იწყება სინათლის კლება და ფერები საპირისპირო მიმართულებით იწყებენ მოძრაობას.სინათლის კლება თეთრს კვლავ ყვითლისკენ “უბიძგებს”, ყვითელი კი როცა მას შუქი აკლდება, მუქდება, მაგრამ მაინც ცდილობს შეინარჩუნოს თავისი “მეობა”, ამიტომაც იკრებს ძალას, საკუთარ გულში წითელს “იძიებს” და ნარინჯისფერი ხდება. ნარინჯისფერი, სინათლის კლებასთან ერთად, ნელ-ნელა გადადის წითელში, რომელიც თავის მხრივ, კარგავს რა სხივოსნებას , სულ უფრო მკვრივი ხდება და ძოწისფერ შეფერილობას იღებს. ძოწისფერ-მეწამული კი ნელ-ნელა მუქდება, მომელნისფერო იისფერ ელფერს დაიკრავს და კვლავ შავში “ჩაეშვება”. თუ გულისყურით დავაკვირდებით ზღვაზე ზაფხულის მზის მოძრაობას ზენიტიდან ჩასვლამდე, მივხვდებით, რომ მზემ ზუსტად იმავე “ფერადოვან გზას” გადის.
ბუნების უზოგადესი კანონია-სადაც სიცოცხლეა, იქ ყოველთვის მოძრაობს, იცვლება და გარდაიქმნება. ბუნებაში არსებული ფერების ამ კანონზომიერებას ემორჩილება. გოეთემ ეს კანონზომიერება დაინახა და თეორიის სახით ჩამოაყალიბა, რითიც დაადასტურა, რომ ადამიანს საკუთარი თვალის, ემოციებისა და აზროვნების საშუალებით შესწევს უნარი, დაინახოს და გააცნობიეროს ფერთა სიცოცხლით სავსე მეტამორფოზის პროცესი ბუნებაში.

3)გოეთეს ფერთა თეორიით მრავალი მხატვარი იყო გატაცებული, მათ შორის ინგლისელი უილიამ ტერნერი, რომელიც არა მარტო იზიარებდა გოეთეს იდეებს, არამედ პრაქტიკულადაც იყენებდა მათ. მის ერთ-ერთ სურათს ასეც ქვია- “სინათლე და ფერი. გოეთეს თეორია”.
ტერნერის გარდა გოეთეს ფერთა თეორიას წარმატებით იყენებდნენ ცნობილი ვასილ კანდინსკი, გერმანელი მხატვარი ფილიპ ოტო რუნგე და ამერიკელი მხატვარი მარკ რუდკი.

გამოყენებული ლიტერატურა:
მხატვრობა ბავშვებისათვის- ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.

მასალა დაამუშავა: თამთა ლაკაშიამ